სტატისტიკა

Sunday, July 22, 2012

მუსიკისა და გლობალიზაციის ურთიერთმიმართება XX-XXI საუკუნის კულტურაში




მუსიკალური კულტურა მრავალფეროვანი მოვლენაა რომელიც მოიცავს კლასიკურ, ფოლკლორულ, თანამედროვე მუსიკას. თანამედროვე მუსიკა წარმოუდგენელია კულტურული მეხსიერების გარეშე, რადგან კულტურული მეხსიერება შემაკავშირებელი რგოლია თანამედროვე და წარსულ მუსიკალურ კულტურებს შორის, ხოლო წარსულზე დაყრდნობით და მისი გათვალისწინებით იქმნება და ვითარდება თანამედროვე მუსიკა. XXI საუკუნე ძიებების, მხატვრული ტენდენციების, სტილის განზოგადების მხატვრულ ასწლეულად გვევლინება,გამონაკლისს არც მუსიკის სფერო წარმოადგენს. თანამედროვე მუსიკალური კულტურა განსხვავებული მიმდინარეობების, აზროვნების, მსოფლმხედველობის სინთეზია, რომლის გავრცელებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალიზაციის პროცესი.


გლობალიზაცია თანამედროვე ეპოქის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსათვის დამახასიათებელი მოვლენაა. გლობალიზაცია არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესი. აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციის საწყისები შორეულ წარსულში იღებს სათავეს, როდესაც ხდება შეგროვებითი საქმიანობიდან წარმოებითზე, პირველყოფილი წყობილებიდან კლასობრივზე გადასვლა. იმ პერიოდში უკვე ხდებოდა სხვადასხვა ერებისა და სახელმწიფოების მატერიალური და სულიერი ღირებულებების გაცვლა. ცნობილია, რომ ძველ ინდოეთს მჭიდრო სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სპარსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, საბერძნეთთან. ასევე, რომის იმპერია იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც განამტკიცა თავისი გავლენა ხმელთაშუა ზღვაზე, რამაც განაპირობა სხვადასხვა კულტურების დაახლოება ერთმანეთთან და მათი ურთიერთშეღწევა.
გლობალიზაციის საკითხის განხილვა ძალიან აქტუალურია თანამედროვე ეპოქაში, მას იკვლევენ მეცნიერები, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ა.შ., თუმცა მათი პოზიციები საკმაოდ წინააღმდეგობრივია, რაც დაკავშირებულია გლობალიზაციის პროცესის არაერთგვაროვან აღქმასთან. მკვლევარების ერთი ნაწილი განიხილავს მას ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის დაკარგვის ძირითად მიზეზად, რის შედეგადაც იქმნება გლობალური კოსმოპოლიტური კულტურა, სადაც ყველაფერი ეროვნული დაკარგულია. მკვლევარების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის პროცესს არ ძალუძს შეცვალოს კულტურის ეროვნული სახე და მისი მრავალფეროვნება, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა კულტურების ურთიერთგაცნობას ისახავს მიზნად. Aარსებობს კიდევ ერთი მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც მიმდინარე პროცესები ეროვნული კულტურის ურთიერთშერწყმას და ახალი მრავალეროვნული გლობალური კულტურული ქსელის წარმოშობას ემსახურება, ამგვარად, აშკარაა რომ გლობალიზაციის შედეგად ეროვნული კულტურები სერიოზულ ცვლილებებს განიცდიან. საინტერესოა რა კუთხით ხდება ეს ცვლილებები და როგორ აისახება ის სხვადასხვა კულტურებზე. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება ჯ. ჰოლტონის, ს. ჰანთინგტონის, ბ.ბარბერის, უ.ბეკის და სხვათა ნაშრომები. ინგლისელი სოციოლოგის ენტონი სმიტის აზრით, გლობალური კულტურა, სამ თავისებურებას მოიცავს, ესაა მისი უნივერსალობა, ტექნიკურობა და დროის გარეშე არსებობა . მართლაც, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა გავლენის მატარებელია გლობალიზაცია და როგორ აისახება იგი კულტურის სფეროზე, არის თუ არა გლობალიზაციის ზეგავლენა ეროვნული კულტურული თვითმყოფადობის და ღირებულებების დამანგრეველი ძალა? როგორ აისახება გლობალიზაცია თანამედროვე მუსიკალურ კულტურაზე?


გლობალიზაციის გავლენა კულტურის სფეროზე განიხილება როგორც სხვადასხვა კულტურების ინტეგრაცია და ურთიერთქმედება. კულტურული გლობალიზაციისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ქვეყნებს შორის სამომხმარებლო და სულიერი კულტურის დაახლოება და მათი ურთიერთქმედება, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში ნაციონალური კულტურის სხვადასხვა სახეების პოპულარიზაციას და მის ზრდას, მეორეს მხრივ გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ კულტურების ურთიერთშეღწევა ნიშნავს კულტურული მრავალფეროვნების შეწყვეტას, რაც გამოიწვევს ეროვნული კულტურული ღირებულებების დაკარგვას და მის კოსმოპოლიტიზაციას. მართლაც, თუ განვიხილავთ კულტურის ევოლუციის დინამიკას და მის ურთიერთშეღწევას რესტროსპექტულ რაკურსში, ადვილად დავინახავთ, რომ ამ პროცესისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო სწრაფვა ინტეგრაციისკენ. უფრო მეტიც, კულტურების ურთიერთშეღწევა განიხილებოდა როგორც პროგრესული ფაქტორი. სხვადასხვა ქვეყნების კულტურის ურთიერთშეღწევა, პირველ რიგში, დაკავშირებული იყო განსხვავებული ტრადიციების, ფასეულობების, ცხოვრების წესის მქონე ინდივიდების მიგრაციის პროცესებთან, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ხდებოდა ხელოვნების ისეთი სფეროების საშუალებით, როგორიცაა ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა, თეატრი, კერძოდ, შეიძლება დავასახელოთ ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები, მათი თეატრალური დადგმები, უცხოელი კოლექტივების მოწვევა გასტროლებზე, მუზეუმების (საცავი შედევრების) შექმნა – არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ მსოფლიო კულტურის მასშტაბით, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და სტუდენტების საზღვარგარეთ სტაჟირება. გლობალიზაციის ეპოქის მნიშვნელოვანი მახასიათებელია აღმოსავლური კულტურის გავრცელება დასავლურ სივრცეში. ამ მოვლენის პირველ წინაპირობას წარმოადგენს აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების გაძლიერებული ჩართვა მსოფლიო ეკონიმიკის პროცესში, რომელიც მნიშვნელოვნად გაძლიერდა XX საუკუნეში, როგორც ევროპასთან მჭიდროდ დაკავშირებული მრავალი ახალი სახელმწიფოს წარმოჩენის შედეგი. სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია ევროპული კულტურისა და სხვა კონტინენტებზე დასახლებული ხალხის კულტურის მჭიდრო კონტაქტი. მრავალი საუკუნის მანძილზე ევროპელებისათვის უცნობი კულტურა XX საუკუნის მსოფლმხედველობის არეალში ხვდება.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს გლობალიზაცია, რომლის იდეების ხორცშესხმა ხელოვნებაში პოსტმოდერნიზმის სახელითაა ცნობილი. პოსტმოდერნისტული კულტურების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოდერნიზმისა და პოსტმოდერნული მოტივების, თემებისა და სხვადასხვა სტილის კომბინაცია. ეს არის, ძირითადად, ექლეკტიკური კულტურა, რომელიც თავის შინაარსს ძველი ხალხური ხელოვნებით, ნაციონალური მოტივებით და სტილით ამდიდრებს, რაც მის ნიმუშებს თავდაპირველი კონტექსტისგან განკერძოებული, მოულოდნელი ან სატირული განწყობით წარმოგვიდგენს. ეს არის სხვადასხვა პაროდირებული სტილისა და თემების ნაერთი, რომელიც წარმოიქმნა პოსტმოდერნული, ფსევდოკლასიკური მასკულტურის მხარდასაჭერად.


პოსტმოდერნისტული ეპოქის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი საერთო ტენდენციები თავისებურ გამოხატულებას ჰპოვებს მუსიკაში. მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურის მსგავსად პოსტმოდერნიზმი მუსიკალურ კულტურაში წარმოადგენს ტრადიციების გადააზრებას შემოქმედებითი მემკვიდრეობის რეინტერპრეტაციის საფუძველზე კოლაჟისა და ციტატების სახით -ეს არის ხელოვნება მოდერნიზმის შემდგომ, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა მუსიკალური სტილებისა და ჟანრების შერწყმით, რომლისთვის ასევე დამახასიათებელია თვითძიება და ირონია, სურვილი წაშალოს საზღვრები `მაღალ ხელოვნებასა და კიტჩს შორის. პოსტმოდერნისტული ეპოქის მუსიკალური კულტურა დამოუკიდებლად სტილისა თუ მიმართულებისა განსხვავდება მოდერნიზმის ეპოქის მუსიკალური კულტურისაგან, თუ მოდერნიზმის ეპოქის მუსიკა განიხილებოდა როგორც შინაგანი სამყაროს გამოხატვის ფორმა, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში მუსიკა აღიქმება როგორც სანახაობა, მასობრივი მოხმარებისა და ჯგუფური იდენტიფიკაციის ინდიკატორი, ამა თუ იმ სუბკულტურისადმი მიკუთვნებულობის ნიშანი. მოდერნიზმის ეპოქაში მუსიკის შექმნა განიხილებოდა როგორც შინაგანი სამყაროს არეკვლა, მსგავსად იმისა, როგორც ფოტოგრაფი აფიქსირებს განსაზღვრულ რეალობას.
თუმცა მაგნიტური ლენტის გამოგონების შედეგად 1930-იან წლებში გაჩნდა საშუალება განეხილათ აუდიოჩანაწერი როგორც მუსიკალური შემოქმედების დასრულებული პროდუქტი. 1950-იან წლებში მუსიკალური კულტურა, პოპულარულის ჩათვლით, წარმოჩნდებოდა როგორც ფიქსირებული შესრულება იმ შემთხვევაშიც კი თუ საბოლოო რეზულტატი მიღწეული იყო მიქშირების ტექნიკის საშუალებით. 1950-იანი წლების ბოლოს აკადემიური მუსიკის მიმართულების კომპოზიტორები, ისეთები როგორებიც არიან: ედგარ ვარეზი, კარლჰაიც შტოკჰაუზენი და ჯონ კეიჯი, ქმნიდნენ კომპოზიციებს, სადაც იყენებდნენ მრავალარხიან ჩანაწერს, რედაქტირებას და ვარირებას უკეთებდნენ ბგერების ჩაწერის სიხშირეებს, რაც ნიშნავდა ისეთი მუსიკის შექმნას, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო ტრადიციული საშუალებებით, მაგრამ შესაძლო იყო ჩანაწერის სახით. მოდერნიზმის ეპოქაში პოპულარული მუსიკა განიხილებოდა როგორც მეორეხარისხოვანი უფრო მნიშვნელოვან ჟანრებთან შედარებით. თუმცა პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიამ ეჭვის ქვეშ დააყენა კულტურის გადანაწილების სისწორე და მისაღებობა მაღალ და დაბალ კულტურად.


პოსტმოდერნისტულ მუსიკალურ კულტურაში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება დაკავშირებული იყო ფუნდამენტურ ცვლილებებთან იმის წარმოდგენის შესახებ, თუ რაზე უნდა იყოს მუსიკა. სტილური ალუზიები და ციტატები გახდა არა მხოლოდ ტექნიკური ხერხი, არამედ მუსიკალური კულტურის არსებითი მხარე, რომელიც გადაიზარდა შესაძლებლობიდან მოთხოვნილებაში. აქ ასევე ჩანს მოდერნისტული პარადიგმებიდან უკან დახევა, როდესაც მუსიკალური ხელოვნების ძირითად ელემენტად ითვლებოდა ინტონაცია, რიტმი და მოტივი. პოსტმოდერნიზმი თვლის ხელოვნების ძირითად საგნად მედიანაკადებსა და მის ცალკეულ ჟანრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პოსტმოდერნიზმი ხელოვნებას იყვანს საზოგადოებრივი მოხმარების დონეზე, უარყოფს რა მოდერნისტულ მისწრაფებას ჩაწვდეს სამყაროს რეალობას მის ფუნდამენტურ ფორმებში.

პოსტმოდერნიზმის ეპოქის განვითარებას ხელი შეუწყო მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, საზოგადოების ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, ელექტრონული ტექნიკური საშუალებების წარმოშობამ, მუსიკალური ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის სახით. სწორედ ამ ფაქტორებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი XX საუკუნის კომპოზიტორთა ახალ შემოქმედებით აზროვნებაში, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვეს აკუსტიკური და სივრცითი მუსიკის საზღვრები ტექნიკური სინთეზის საშუალებით (ელექტრო ინსტრუმენტების გამოგონებით, სინთეზური ბგერების გამოყენებით და ასე შემდეგ). ზემოთაღნიშნული ტენდენციები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში პოსტინდუსტრიული საზოგადოების, მედია და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფონზე,ხოლო ტენდენციების წარმოქმნა, თავის მხრივ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოშობს, როგორიცაა შემსრულებლისა და მსმენელის ურთიერთკავშირი, რომლებიც ინფორმაციული საზოგადოებისა და გლობალური მედია-კულტურის განვითარების კონტექსტში ახალ მახასიათებლებს იძენენ. მუსიკალური კულტურის ეს მახასიათებლები ქმნიან XX საუკუნის მუსიკალურ კულტურაში ზეპირი და წერითი ტრადიციების, აუდიო და ვიზუალური კულტურის თანაურთიერთობას, მუსიკალური ნაწარმოების შექმნის, შესრულებისა და მუსიკის აღქმის პროცესში.


თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს XX საუკუნის მუსიკალურ-ინტონაციური აზროვნება, რომელიც იცვლება ახალი კულტურული დომინანტების შესაბამისად, რაც გამოწვეულია მრავალნაციონალური კავშირების გაძლიერებით XX საუკუნის მუსიკაში (,,აღმოსავლეთი და დასავლეთი”და ა. შ.), სხვადასხვა მუსიკალური სისტემების წარსულისა და აწმყოს დიალოგში, სხვადასხვა კულტურების ურთიერთქმედებით და ასიმილაციის გზით, სხვადასხვა მიმდინარეობების, სტილისა და ჟანრების სინთეზით (მაგ: აკადემიური მუსიკის სინთეზი ფოლკლორთან, ჯაზთან და ა.შ).
XX საუკუნის მუსიკალური კულტურის ,,მრავალენობრივ”ჭრილში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასობრივი და ელიტარული კულტურების ურთიერთქმედება (ელიტარული კულტურის ქვეშ იგულისხმება თანამედროვე კლასიკური მუსიკა). სამომხმარებლო კულტურის გლობალური ზრდა, მუსიკის ყველა სფეროს კომერციალიზაცია იწვევს თანამედროვე კლასიკური მუსიკის პროპაგანდის შესუსტებას, რომელიც ვერ უძლებს მასმედიის პროდუქციის კონკურენციას და ასევე, ძნელად არსებობს შოუ-ბიზნესის პირობებში.
თანამედროვე მუსიკალური კულტურა კიდევ ერთ საკითხს წარმოშობს, რაც მუსიკალური პროფესიონალიზმის ზოგადჰუმანიტარულ განათლებასთან მიმართებაში გამოიხატება, კერძოდ, ახალი პროფესიების წარმოშობაში, რომლებმაც გლობალიზაციის პირობებში მიიღეს ახალი სტატუსი მუსიკალური შემოქმედების მოდერნიზაციის შედეგად (მაგ: მუსიკალური მენეჯმენტი, ხმის რეჟისურა და ა. შ).


თანამედროვე ეპოქაში გლობალიზაციის რაობა განისაზღვრება, ერთის მხრივ, საზოგადოებისა და კულტურის როგორც ერთიანი მთლიანობის გააზრებით, რომელიც უპირატესად ყალიბდება ტექნიკური რევოლუციის ბაზაზე (ელექტრონული და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება, მასმედიის გაზრდილი როლი, გლობალური კომუნიკაციების განვითარება, მობილური კავშირი, ინტერნეტი და ა. შ.) და, მეორეს მხრივ, ინდივიდის ინტეგრაციით კულტურული კომუნიკაციების სულიერ, სოციალურ, ენობრივ სფეროებში, ხოლო ტერმინ გლობალიზაციის ქვეშ თანამედროვე ინდივიდების ერთიანობა იგულისხმება, რომელიც დაფუძნებულია კულტურული საზღვრების გადალახვაზე, რაც ქმნის სხვადასხვა კულტურის ინტეგრაციასა და სინთეზს.