სტატისტიკა
Wednesday, May 30, 2012
მუსიკალური ხელოვნებისა და მსმენელის ტიპოლოგია XX-XXI საუკუნეში
XX საუკუნის მუსიკალური კულტურა ახალი მიმართულებების, ჟანრების, შესრულების ფორმების სიმრავლით ხასიათდება.სერიოზული, მსუბუქი, თანამედროვე, პოპულარული, საესტრადო, მასობრივი-ასე ახასიათებენ მათ თანამედროვე ლიტერატურაში. ახალი მიმართულების წარმოშობის შედეგად ხდება მსმენელის მიერ მუსიკის ახლებური აღქმა და გააზრება,რომელიც ფორმირდება მუსიკალური ნაწარმოებებისა და მათი შეფასებების მიხედვით.
პირველი ტიპი-ექსპერტი, შეგნებული მსმენელია, რომლის ყურადღების მიღმა არაფერი რჩება და რომელიც ყოველ კონკრეტულ მომენტში აცნობიერებს იმას, რაც ესმის. რთული მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას, მსმენელი-ექსპერტი გრძნობს და ლოგიკურად აღიქვამს მისი ენის სტრუქტურასა და შინაარსს. ეს ტიპი ყველაზე მცირეა, შეზღუდულია პროფესიონალი მუსიკოსების ვიწრო წრით.
მეორე ტიპი შეიძლება განისაზღვროს როგორც კარგი მსმენელი, რომელიც მსჯელობს არა პრესტიჟის კატეგორიებით, არამედ შეუცნობლად ფლობს მუსიკალურ ლოგიკას. მის მიერ მუსიკის აღქმა შემდეგში მდგომარეობს – ეს არის შესაძლებლობა უშუალოდ და გააზრებულად გაჰყვეს მუსიკალურ აზრს.
მესამე ტიპი- განათლებული მსმენელი- მომხმარებელია. ის ბევრს ისმენს, კარგად არის ინფორმირებული მუსიკალურ ხელოვნებაზე, პატივს სცემს მუსიკას როგორც კულტურულ ღირებულებას და როგორც საშუალებას მიაკუთვნოს თავისი თავი განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფს. მას აქვს ფართო ცოდნა ავტორებისა და შემსრულებლების შესახებ. თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში მსმენელის ეს ტიპი მოიაზრება, როგორც მცირერიცხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი. სწორედ იგი აყალიბებს მსმენელის აღქმის ნორმებს, თუმცა, მისი დამოკიდებულება კულტურის მიმართ კონსერვატიულია- ის მტრულადაა განწყობილი ახალი მუსიკის მიმართ და მიილტვის საზოგადოდ მიღებულისაკენ.
განათლებული მსმენელ- მომხმარებელის გვერდით გვინდა გამოვყოთ ემოციური მსმენელის ტიპი. მუსიკის აღქმისას ის ხელმძღვანელობს პირადი სიმპატიებით, ობიექტისაგან დამოუკიდებლად. მუსიკის მოსმენა მისთვის არის ემოციისაგან გათავისუფლების საშუალება, რომელიც ითრგუნება ან შეკავებულია ცივილიზაციის ნორმების გამო. ეს ტიპი რაოდენობრივად დიდია და წარმოდგენილია იმ ადამიანებით, რომლებიც მუსიკას აღიქვამენ გრძნობად გარემოდ. მუსიკის აღქმა ამ ტიპისათვის- არის გაქცევის საშუალება ირგვლივ მყოფი რეალობისაგან.
მსმენელის მომდევნო, მეხუთე ტიპი, რეაქციული პოზიციის მქონეა, რომელსაც გაფეტიშებული აქვს მუსიკალური სახეები და ნაწარმოებები. ის დეტალურად აკვირდება მუსიკალური ტექსტების სიზუსტეს, მაგრამ ასევე კარგავს მათ ღრმა აზრს; უარყოფს იმპროვიზაციულობას, მუსიკალური აზროვნების თავისუფლებას, რომელიც ფოლკლორულ და ნახევარპროფესიულ მუსიკალურ ტრადიციებს ეყრდნობა.
მსმენელის მეექვსე ტიპი-გასართობად განწყობილი- წარმოიშობა მასობრივი კულტურის საშუალებით. მუსიკა მის მიერ აღიქმება, როგორც დასვენების, განტვირთვის საშუალება. რაოდენობრივად ეს ყველაზე დიდი ტიპია. მისთვის უცხოა ინტელექტუალური შრომა.
აღსანიშნავია ასევე მსმენელების ის ტიპი, რომლებიც სრულიად გულგრილნი არიან მუსიკისა და ხელოვნების მიმართ. ასეთი გულგრილობის საწყისი მათ არასწორ ესთეტიკურ აღზრდაში მდგომარეობს, ხოლო მისი შედეგები დრამატულია, რადგან ხელოვნებას ყოველთვის სჭირდება მაყურებელი.
მუსიკალური ენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აქტიურად ვითარდებოდა, უფრო მეტად რთულდება XX საუკუნეში, ხდება უფრო მიუწვდომელი მსმენელის გარკვეული ფენისათვის. მუსიკალური ენის გართულებასთან ერთად, XX საუკუნის დასაწყისში წარმატებით ვითარდება ჯაზი, ბარდული ხელოვნება, ესტრადა. ეს მიმართულებები ორიენტირებულია მუსიკის შესრულების სხვა აღქმასა და პრაქტიკაზე, აახლოებს მას ფოლკლორთან, რაც უფრო გასაგებს ხდის მას ემოციური და გასართობად განწყობილი მსმენელისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ XXI საუკუნის თანამედროვე კულტურაში მედია საშუალებების მიერ მუსიკის გამოყენება ორიენტირებულია ადამიან-მომხმარებელზე და არა ადამიან-შემოქმედზე. მედია ანზოგადებს იმ ყველაფერს, რაც უკვე გააკეთა სოციოკულტურულმა რეალობამ მუსიკალურ ხელოვნებასთან მიმართებაში. მედიის სფეროში მუსიკა დამატებით თვისებებს იძენს. უპირველეს ყოვლისა ეს არის მისი ციტირება, რომელიც ჩნდება პირველ რიგში სატელევიზიო ფორმატში. მაგალითად ერთ სატელევიზიო გადაცემაში შეიძლება ერთმანეთს შეეთანხმოს ძველი და თანამედროვე, კლასიკური, ავანგარდული და პოპულარული მუსიკა. მუსიკალური ხელოვნება აქ აღიქმება როგორც შემოქმედებითი იდეებისა და მასალის ლაბორატორია, რათა შემდგომ შეიქმნას ახალი, მედიური ტექსტები. რადიო გადაცემებში მუსიკა ოდნავ განსხვავებულად გამოიყენება: ციტირება და ფრაგმენტულობა რჩება, მაგრამ მას ემატება ფორმატი, რაც გათვლილია მსმენელების გარკვეულ წრეზე და მოსმენისას მათ რეაქციაზე. ვიზუალურისაგან განსხვავებით, რადიოეთერში მუსიკა ივსება სიტყვიერი ჩანართებით, რომელიც მიმართულია განსაზღვრული, ხშირად საკმაოდ ვიწრო მსმენელისადმი.
ცნობილია, რომ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. კიდევ ერთ მედიაში, მუსიკა ფლობს ზეგავლენის ყველაზე ძლიერ შესაძლებლობას. აქ შესაძლებელია არა მხოლოდ მისი მოსმენა, არამედ ვიზუალური პროცესი- ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია უყუროს მუსიკოსის შესრულებას. სურვილისამებრ, ინტერნეტ- მსმენელი, იკავებს კრიტიკოსის აქტიურ პოზიციას, გამოთქვამს აზრს მოსმენილის შესახებ, ტოვებს კომენტარებს, დიალოგშია სხვა მსმენელებთან. ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელი არ იყოფა მუსიკოს-პროფესიონალად და მუსიკის მოყვარულად, რაც უფრო მკაფიოდ გამოყოფს აქტუალური მუსიკალური კულტურის საზღვრებს. ეს უკანასკნელი აინტერესებს მოაზროვნე მსმენელებს, ან საერთოდ არ არსებობს ვირტუალური პიროვნების თვალთახედვაში. სხვა მედიებს არ აქვთ მსგავსი ზემოქმედების საშუალება, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ სივრცეში მუსიკა პოულობს იმ ქმედითობას, რომელიც საკონცერტო დარბაზებში მუსიკალურ ცხოვრებას ემსგავსება.
როგორც ვხედავთ, მუსიკის აღქმისათვის მნიშვნელოვანია მუსიკალური ტექსტის ზემოქმედება მსმენელზე, რაც განსაზღვრავს მის ადგილს მუსიკალურ ხელოვნებაში. შესაძლოა, საკონცერტო დარბაზში მოსმენილმა სიმფონიამ დააკმაყოფილოს მსმენელის რელაქსაციის მოთხოვნილება, შთაბეჭდილებების ცვლილება, მისწრაფება იმისაკენ, რომ გააიგივოს თავისი თავი გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან და ა.შ. ფსევდოკომუნიკაციის მსგავსი მეთოდი, როცა მსმენელისათვის მნიშვნელოვანია იქ ყოფნის ფაქტი და არა მუსიკის აღქმა. თუმცა, აღნიშნულ სიტუაციაში, მუსიკალური ნაწარმოები არ აღიქმება შინაარსობრივად და ამ შემთხვევაში ის არ არის პრაგმატული.
ამრიგად, საკითხი მუსიკის ადგილისა და მისი ხასიათის შესახებ თანამედროვე კულტურაში ღია და დისკუსიურია და ის დაფუძნებულია მსმენელის როლისა და აზრის ძიების პრობლემაზე, რომელიც განსაზღვრავს მუსიკალური კულტურის საზღვრებს და აცხადებს თავის დამოკიდებულებას მასთან მიმართებაში.
შესაძლებელია, წინა ეპოქების კულტურაშიც შეუძლებელი იყო მუსიკის რაობის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრა, მაგრამ XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნეში ისახება მისი განვითარების ახალი პერსპექტივები.
Subscribe to:
Posts (Atom)





